07 სექტემბერი 2021
გაზიარება:

რა უნდა გაითვალისწინოთ ფურნიტურის შერჩევისას?

რატომ არის მნიშვნელოვანი ავეჯის ფურნიტურის შერჩევა ან როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სწორად შევარჩიეთ? სახელურები, ანჯამები და მექანიზმები ინტერიერის, ერთი შეხედვით, მცირე ნაწილია, სინამდვილეში კი სწორედ ისინი ქმნის მის დასრულებულ სახეს.

ფურნიტურა ერთდროულად არის ავეჯის როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციონალური ელემენტი. მისი საშუალებით ავეჯი ხდება პრაქტიკულიც და ვიზუალურად მიმზედველიც. სწორად შერჩეული აქსესუარები ხელს უწყობს ერგონომიკის შექმნას, რითაც ზედმეტი ძალისხმევისგან გათავისუფლებთ და კომფორტულობას სძენს ყოველდღიურ სივრცეებს.

ფურნიტურის მრავალფეროვნება შესანიშნავია, თუმცა, მეორე მხრივ, დიდი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებას ართულებს... ვეცდებით, მოკლედ გაგაცნოთ დეტალები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ფურნიტურის შერჩევისას:

სახელურები

სახელურები სხვადასხვა ტიპის არსებობს: ღილაკისებრი, ნიჟარისებრი, რელსისებრი და სხვა სახის. ისინი ვიზუალურ მოყვანილობასთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ავეჯზე გამოყენების თვალსაზრისითაც განსხვავდება. სახელურის ტიპი ინტერიერის შესაბამისად უნდა შეირჩეს ისე, რომ თავისი სპეციფიკით მას პრაქტიკულობა შემატოს. სხვა შემთხვევაში, მან, პირიქით, შეიძლება არაკომფორტულ სივრცედ აქციოს ოთახის გარემო. გარდა ამისა, ინტერიერის შესაბამისად შერჩეული სახელურები თავისი დიზაინით სრულყოფილად წარმოაჩენს ავეჯში გამოყენებული ფილის ტექსტურასა თუ ფაქტურას.

ანჯამები და მექანიზმები

ანჯამები და მექანიზმები ქმნის სივრცის ფუნქციონალურ მხარეს. სწორად შერჩევისას, ისინი ხელს უწყობს სივრცის პრაქტიკულ ათვისებასა და კომფორტულ დაგეგმარებას: სათავსოების მაქსიმალურად ათვისებას, თაროებსა და უჯრებში ნივთებთან მარტივად წვდომას და ა.შ. კარადების კარებს მეტად პრაქტიკულს ხდის სწორად შერჩეული ანჯამები, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება გაღების კუთხითა და ვიზუალური ნიშნით. სამზარეულოს სივრცის მეტი პრაქტიკულობისთვის შესანიშნავია თაროს ასაწევი მექანიზმები ელექტრონული მართვის სისტემით თუ მის გარეშე, საბოთლეები თუ უჯრისა და თაროს მექანიზმები და სხვა.  

სახელურები, ანჯამები და მექანიზმები შექმნილია სივრცეში გადაადგილების გამარტივებისა და გარემოს ესთეტიკურობისთვის. ისინი გეხმარებათ, დაზოგოთ ძვირფასი დრო და ენერგია. ამდენად, ფურნიტურა სწორად არის შერჩეული მაშინ, როცა ის გათავისუფლებთ ზედმეტი ენერგიის ხარჯვისგან, გიმარტივებთ ნივთებთან წვდომას და ავეჯის გამოყენებას სასიამოვნო პროცესად აქცევს.